ზოგადი უნარების გამოცდის გამო, მშობლებს დიდი ფინანსური ხარჯის გაღება უწევთ – მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მხარს უჭერს ზოგადი უნარების ტესტის სავალდებულო საგამოცდო სიიდან ამოღებას.

მისი თქმით, იმი გამო, რომ   აღნიშნული გამოცდისთვის მოსწავლეს სკოლა არ ამზადებს, მშობლებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის გაღება უწევთ, რომ შვილები კერძო რეპეტიტორებთან მოამზადონ. ეს კი ნამდვილად არ ემსახურება 600 ათასი მოსწავლის ინტერესებს. 

როგორც მარიამ ჯაშმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, საუბარია არა ამ გამოცდის გაუქმებაზე, არამედ მისი სავალდებულო სიიდან ამოღებაზე. აღნიშნული ცვლილება 2019 -2020 სასწავლო წლისთვის ამოქმედდება.

მარიამ ჯაშის თქმით, მას ​არაფერი აქვს საწინააღმდეგო კერძო პედაგოგების და რეპეტიტორთა სისტემის მიმართ და მიაჩნია, რომ ეს, გარკვეულ წილად, ქართული განათლების სისტემის ტრადიციის ნაწილად ჩამოყალიბდა. თუმცა, მისთვის არც ის ყოფილა მოულოდნელი, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებების მოჰყვა.   

“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ხედვის პრეზენტაცია და არა გადაწყვეტილებების, რამდენადაც წარმოდგენილი ცვლილებები საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე ინიცირებას, რათა რეგულაციებში საატესტატო გამოცდების შესაბამისი მოდელი აისახოს. ამდენად მოლოდინი გვქონდა, რომ შესაბამისი განხილვების შედეგად მიიღებოდა გადაწყვეტილება. თუმცა ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ აღმოვჩნდით საზოგადოებაში შექმნილი მოლოდინის რეჟიმში, რომლის გათვალისწინებით, სამინისტროს წინადადებებში ცვლილებების შეტანა ძალიან გართულდება. მე-11 კლასის გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინია მოსწავლეების, მშობლების, ასევე აკადემიური წრეების ნაწილის მხრიდან. ამ თვალსაზრისით უკან დახევა შეუძლებელი იქნება”, – აცხადებს მარიამ ჯაში. 

დეპუტატი პოზიტიურად აფასებს განათლების სამინისტროს მიერ, ეროვნულ გამოცდებში შეტანილ ცვლილებასაც. კერძოდ, საუბარია, იმაზე, ეროვნულ გამოცდებში 5 გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში აბიტურიენტი ერთ-ერთ გამოცდაში თუ არ იქნებოდა წარმატებული, ის გრანტის მიღების უფლებას კარგავდა.

მარიამ ჯაშის თქმით, სამინისტროს წინადადების თანახმად აბიტურიენტს ეს უფლება უნარჩუნდება, რასაც მიესალმება.  

მსგავსი თემები