9 კლასის შემდგომ სკოლაში, მხოლოდ წარმატებული მოსწავლეები უნდა რჩებოდნენ – მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ აუცილებელია საბაზო და საშუალო განათლების საფეხურებს შორის ეფექტიანი საგამოცდო სისტემა დაინერგოს, რომელიც 9 კლასის დამთავრების შემდგომ, სკოლაში განათლების მიღების უფლებას მხოლოდ წარმატებულ მოსწავლეებს მისცემს. 

​მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საატესტატო გამოცდები გაუქმდება, მნიშვნელოვანი იქნება საბაზო საფეხურის დასრულებასთან დაკავშირებული საგამოცდო სისტემა დაიხვეწოს. 

როგორც მარიამ ჯაშმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საატესტატო გამოცდების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს და არსებულ სისტემაში ცვლილებების შეტანას, ჯერ კიდევ ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობისას ითხოვდა.  

მისივე თქმით, არსებული წესები აბიტურიენტს მცირედი შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევდა და საკმაოდ წარმატებული მოსწავლე, მისთვის არაპროფილურ საგანში წარუმატებლობის შემთხვევაში, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას კარგავდა.  

“სწორედ არ სიხისტის შეცვლის მიზნით ვთხოვდი სამინისტროს ცვლილებების განხილვას, მაშინ ალექსანდრე ჯეჯელავა იყო მინისტრი, თუმცა იმდენად სენსიტიური იყო საგამოცდო სისტემა, რომ სამინისტროს პოზიცია უცვლელი დარჩა”, – აცხადებს დეპუტატი მარიამ ჯაში.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც საუბარია საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე, ბუნებრივია ჩნდება კითხვები, ხომ არ გამოიწვევს ეს განათლების ხარისხის გაუარესებას.

“როგორც ყოფილი აბიტურიენტების დედას, პირადად მქონდა ამ სისტემასთან ურთიერთობის გამოცდილება და მიმაჩნია, რომ საატესტატო გამოცდების არსებული სისტემა არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ გამოცდების შენარჩუნებით უმჯობესდება განათლების ხარისხი. პირიქით, სისტემა ორიენტირებულია მხოლოდ მექანიკურად, ტესტების ჩაბარებაზე და სწავლის პროცესში შემოქმედებით და შინაარსობრივ ნაწილს ნაკლები ყურადღება ექცევა. გამოცდების გაუქმებას უნდა მოჰყვეს სკოლებში შეფასების ეფექტიან სისტემის დანერგვა”, –  აცხადებს მარიამ ჯაში. 

მსგავსი თემები