“ვმუშაობთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა და ყველაფერი გაკეთდება, რათა არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალური იყოს.

„საქართველოში ფაქტობრივად, სრული „ლოკდაუნი“ არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მობილობა შევზღუდეთ, ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა, გარდა საკომენდანტო საათისა საღამოს 21:00 საათიდან დილის 6-მდე, არ შეგვიზღუდავს. ამიტომ ჩვენ დღეს წინ მივდივართ და ამ ყველაფერს ვუყურებთ, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ჩვენთვის საქართველოში საარჩევნო წელია, სულ რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესი აგიტაციიდან დაწყებული, შეჯიბრობითობა პარტიებს შორის, ამასაც თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოჰყვება. თვითონ არჩევნები ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როცა ადამიანები საარჩევნო უბნებზე უნდა მივიდნენ და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა აქ ყველანაირი საფრთხე ეპიდემიოლოგიური, ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების, იყოს მინიმიზირებული და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები