ვინც კვადრატულ მეტრებს არის დახარბებული, არად დაგიდევს ქალაქის იერსახეს – მერაბ გუჯაბიძე

არქიტექტორი მერაბ გუჯაბიძე დადებითად აფასებს თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გეგმის მიღებას, თუმცა, აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ავტომატურად ვერ უზრუნველყოფს ქალაქის ქაოსური განაშენიანებით შექმნილი უამრავი პრობლემის მოგვარებას. 

როგორც მერაბ გუჯაბიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, გენგეგმა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, ის ბევრად ადრე უნდა ყოფილიყო მიღებული, რადგან გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც სამშენებლო ბიზნესიდან ფინანსურ სიკეთეს ნახულობდნენ, დაღუპეს ქალაქი.

მისივე თქმით, სახელმწიფოს გენგეგმის არარსებობის პირობებშიც კი, არ უნდა მიეცა უფლება დეველოპერებისთვის, ასე ქაოსურად მიეშვათ ეს სფერო.

“სადაც სკვერი, პარკი და თავისუფალი ადგილი იყო, ყველგან კორპუსი ჩადგეს. ის შემთხვევით ხომ არ იყო დატოვებული? შედეგად მივიღეთ ბეტონის ჯუნგლები. ამ დოკუმენტის არსებობა აუცილებელია, ის დაარეგულირებს სამშენებლო სფეროს. ვინც კვადრატული მეტრებით მშენებლობას არის დახარბებული, არად დაგიდევს ქალაქის იერსახეს. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ჩინოვნიკების ბრალია, რომლებმაც გასცეს ნებართვა, რომლებმაც არასწორად შედგენილ კანონს დაუჭირეს მხარი. არც ერთ არქიტექტორს არ სურს, რომ მისი ქალაქი უშნო იყოს და ცუდი პროექტი გააკეთოს. ამიტომ, არასწორია არქიტექტორებისკენ როცა იშვერენ ხელს”, – განაცხადა მერაბ გუჯაბიძემ.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები