შესაძლოა, ჩაი ერთ-ერთი მზარდი საექსპორტო პროდუქცია გახდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეჩაიე ფერმერებსა და ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა გურიაში, სოფელ ანასეულში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში, რომელსაც დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა.

„საქართველოში ჩაის კულტურას თითქმის 200 წლიანი ისტორია აქვს, თუმცა, ბოლო წლებში, ახალ კონკურენტულ გარემოში, ეს მრეწველობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომით, ჩაი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია მზარდი საექსპორტო დინამიკის პირობებში, რომელიც აგროსასურსათო მიმართულებით გვაქვს; თუმცა, ამას თანმიმდევრული და გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება. ამ კუთხით ჩვენ პოლიტიკაშიც გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები; პირობა მივეცით დარგის წარმომადგენლებს და სამინისტროში უკვე დამუშავებულია ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, რომელსაც, შეჯერების შემთხვევაში, მთავრობა დაამტკიცებს. რეგლამენტი მოაწესრიგებს ჩაის და ჩაისგან დამზადებული პროდუქციის რეალიზაციის წესებს, რათა სამართლიანი კონკურენტული გარემო შეიქმნას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები