„არ იციან, რა უნდა გააკეთონ. როცა არ იცი, შედეგიც არ გაქვს“ – პრეზიდენტი

რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი თემურ ბენდიაშვილი საქართველოს იაპონიის ნაკრებთან წაგებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს შედეგი კავშირის უცოდინარი მმართველების ბრალია.

„პრობლემები ბევრია, მთავრი ისაა, რომ რაგბის სათავეში არაპროფესიონალებმა და არაპროფესიონალიზმმა დაისადგურა. ყველას აქვს ნათამაშები რაგბი, მაგრამ არ იციან რა უნდა გააკეთონ, როცა არ იცი, შედეგიც არ გაქვს“ – აღნიშნა თემურ ბენდიაშვილმ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, წარუმატებლობის მთავარი მიზეზი „რაგბის კავშირის“ მიერ მიწების გაყიდვა და თბილისის ტერიტორიაზე, სავარჯიშო ადგილების არარსებობაა.

„2011-ში  გაყიდეს მიწა, რომელიც 3 მლნ დოლარი ღირდა, ახლა 2015 წელსაც უნდოდათ მიწის გაყიდვა, მაგრამ თამამად ვერ მოახერხეს. ვაკეში ჰქონდათ მიწა, ვერაზე, სოლოლაკში, პლეხანოვზე, საბურთალოზე, ადგნენ და ეს მიწებიც გაყიდეს“ – განაცხადა თემურ ბენდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ბენდიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის წაგების მთავარ მიზეზად სავარჯიშო ადგილების არარსებობას აბრალებს, რის გამოც ქართველი სპორტსმენი ისე ვერ ვარჯიშობს, როგორც უცხოელი მოთამაშეები.

„ჩვენი სპორტსმენები წელიწადში 500 საათს ვარჯიშობს, უცხოელი კი 1500 საათს და პლუს, ისინი რეაბილიტაციასაც გადიან. ძალიან რთულია ასეთ დროს მოგება. კიდევ კარგი, რამდენიმე მოედანი აშენდა, მაგრამ არცერთი გუნდი დღეში ორჯერ არ ვარჯიშობს. არ არის პირობები, რომ ბავშვმა ორჯერ ივარჯიშოს, მოვიდეს დილით, მერე წავიდეს და ისევ მოვიდეს, რადგან პირობები არ არის რომ დარჩეს და ორი ვარჯიში შემდეგ წავიდეს სახლში. არც კვებაა და არც არანაირი ხელშეწყობა ამ მხრივ, რაც დღევანდელი მმართველობის ბრალია,“ – განაცხადა თემურ ბენდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.


მსგავსი თემები