„დავჯდეთ და საერთაშორისო ექსპერტებთან გავარჩიოთ საქმე“ – აზერბაიჯანელთა კონგრესის შეთავაზება

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი“ ინიციატივით გამოდის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორია ნეიტრალურ ზონად გამოცხადდეს.

როგორც კონგრესის თავჯდომარე ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პრობლემა ისტორიის არცოდნაშია.

„არსებობენ ცნობილი აზერბაიჯანელი ისტორიკოსები, ალბანოლოგები, ისევე, როგორც ცნობილი ქართველი ისტორიკოსები. არ შეიძლება ამ ორ ქვეყანას შორის მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები? დავჯდეთ, ჯერ ამ საზოგადოების წევრებმა გავარჩიოთ საქმე და მერე სახელმწიფოს შევთავაზოთ წინადადება. მივმართავ საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ის ადგილი, რომელზეც აზერბაიჯანი იძახის, რომ მისი სტრატეგიული ადგილია, ნეიტრალურ ზონად გამოცხადდეს და ორივე მხარემ აკონტროლოს“.

როგორც ბაბაევი აღნიშნავს, საუბარია 2 პატარა ეკლესიაზე, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვდა: „როგორც ადგილზე, სასულიერო პირმა მითხრა, საბჭოთა კავშირის დაყოფის დროს, დავით გარეჯის მიმდებარედ, ხევი შუაზე გაიყო, რომლის ნაწილი არის აზერბაიჯანული, ნაწილი კი ქართული. საუბარია დავით გარეჯიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით არსებულ 2 პატარა ეკლესიასა და გამოქვაბულზე, რომელიც აზერბაიჯანის მხარეს მოხდა. თავისუფლად შეიძლება, ეს ტერიტორია ორივე მხარემ აკონტროლოს“.

მსგავსი თემები