ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრა გაიმართება

  •  

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 102-ე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად დააყენებს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებების და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების საკითხებს.

შეხვედრაზე განიხილება საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ინციდენტი, რომელიც ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„დღეს განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება უკანონო ე.წ ბორდერიზაციის შემთხვევებზე და ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. ეს უკიდურესად სახიფათო და ნეგატიური პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც სიცოცხლეს, ასევე ჯანმრთელობას, ხელყოფს თავისუფალი გადაადგილების უფლებას. ჩვენ გვქონდა 33 უკანონო დაკავების შემთხვევა იანვრიდან დღემდე. სწორედ ეს საკითხები იქნება განხილვის მთავარი თემა. ამ დროისთვის ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე, გენადი ბესტაევი და გელა გოჭოშვილი. გელა გოჭოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იქნა დაგვიანებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას ედავებიან გარკვეულ კრიმინალურ აქტივობას. ვეცდებით, დღეს მივიღოთ პასუხები როგორც დაკავების, ასევე ყველა დეტალის შესახებ“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

მსგავსი თემები