პარლამენტის წინ „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრებმა ორი ახალი კარავი გაშალეს

პარლამენტის წინ „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრებმა ორი ახალი კარავი გაშალეს.

მათი მთავარი მოთხოვნები ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად კუპრავას განცხადებით, კარვების გაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არ განიხილება. კუპრავას განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პარლამენტის წინ კარვების რაოდენობა გაიზრდება.

„უახლოეს დღეებში ვგეგმავთ კიდევ გავშალოთ რამდენიმე კარავი. ვუერთდებით პროტესტს, რომელიც რუსთაველზე მიმდინარეობს. ჩვენი მოთხოვნა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და წელს ვიცოდეთ თარიღი, როდის იქნება ვადამდელი არჩევნები.

მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დატოვა საქართველო, გამოვიდა ღარიბაშვილი და თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებზე არანაირ მოლაპარაკებას არ გავმართავთო. სწორედ ამის პასუხი იყო ეს კარვების გაშლა. გუშინ ვერ გაბედა პრემიერ-მინისტრმა ამის თქმა, მაგრამ როგორც კი სტუმარმა ქვეყანა დატოვა, მან ეს განცხადება გააკეთა. ღარიბაშვილს საპირისპირო რომ ეთქვა, აქ კარვების რაოდენობა კი არ გაიზრდებოდა, არამედ შემცირდებოდა

რაც შეეხება პიკეტირებას, ჩვენ არავისთვის ხელი არ შეგვიშლია პარლამენტში შესვლისას. ჩვენი აქცია ჯდებოდა კანონის ფარგლებში. როდესაც დეპუტატები შედიოდნენ,  აქტივისტები და საზოგადოება მას ვეძახდით „მონას“ და იმ ეპითეტებს, რომელსაც იმსახურებდნენ“, – განაცხადა კუპრავამ.

მსგავსი თემები