ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.
როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა.
„ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან” (სიბრ. ზირ. 38,9-10). ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა“, – აღნიშნულია საშობაო ეპისტოლეში.