„ე.წ. ბრიტანული ვირუსი 40-70%-ით გადამდებია, ვიდრე არსებული კორონავირუსი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთვარში“

  •  

გრიპის ვირუსზე, კორონავირუსსა და ე.წ. ბრიტანული ვირუსზე თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, ვირუსის ახალ შტამზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე არსებული.   

„დიახ, ახალი შტამი, ე.წ. ბრიტანული ვირუსი არის უფრო მეტად გადამდები, თუმცა მისი მძიმე მიმდინარეობის ფაქტი არ დაფიქსირებულა“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ, “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის განმეორებით ინფიცირების სულ 31 შემთხვევა დაფიქსირდა.

„კორონავირუსის მუტაცია უკვე ფიქსირდება მას შემდეგ, რაც ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გასცდა. ის ვირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს, სრულიად განსხვავებულია იმ ვირუსისგან, რომელიც ცირკულირებდა ჩინეთში. კორონავირუსის პირველი მუტაცია დაფიქსირდა ევროპაში თებერვალში, რომელიც ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის შემთხვევების მატება. ზოგადად კორონავირუსს აქვს გამოხატული მიდრეკილება მუტაციისადმი და დღეისათვის დაფიქსირებულია 1200-მდე მუტაცია.  ეს მუტაციები ხანმოკლეა და მათი ზეგავლენა დღემდე არ ყოფილა აღნიშნული“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მედიკოსის შეფასებით, კორონავირუსმა, თვის განმავლობაში, შესაძლოა, 2 მუტაცია განიცადოს.

„თუმცა, მათ შორის, სულ რამდენიმე მუტაცია აღმოჩნდა, რომელმაც განაპირობა განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა. ერთი არის ე.წ. 614 ვირუსი, მეორე, რომელიც ახლა ყველას აღელვებს ეს არის ბრიტანული ვირუსი – ე.წ. 117 ტიპის ვირუსი, რომელსაც ჩვენ სექტემბრის თვიდან ვაფიქსირებთ დიდ ბრიტანეთში. გარდა ამისა, ასევე, ცნობილია და ძალიან აქტიურად შეისწავლება სამხრეთ აფრიკაში ვირუსის ახალი მუტაცია და ასევე, აფრიკის კიდევ ერთი ქვეყანა ნიგერია, სადაც დაფიქსირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მუტაცია. დღეისათვის ცნობილია კორონავირუსის 4 მუტაცია, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ცვლილება, მაგრამ ყველა ეს ცვლილება ძირითადად ეხება გადამდებობას. ბრიტანულ ვირუსთან არის სხვადასხვა მოსაზრება, 40-დან 70%-მდე არის უფრო მეტად გადამდები ვიდრე, ჩვეულებრივი კორონავირუსი. დღეისათვის ჩატარებული კვლევებით დიახ, აღნიშნული მუტაცია უფრო მეტად გადამდებია, მაგრამ ფაქტი, რომ ის არის უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობის, ჯერჯერობით არ ფიქსირდება. დღემდე დაფიქსირებულია 31 შემთხვევა მსოფლიოში ხელმეორედ ინფიცირების, თუ შეადარებთ, 86  მილიონში ეს 31 შემთხვევა შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს არის საერთოდ არადამახასიათებელი და არატიპიური“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები