„სახელმწიფო მდივანს სასამართლოში არსებულ უსამართლობაზე სრული ინფორმაცია მივაწოდეთ“ – არასამთავრობოები პომპეოსთან შეხვედრაზე

  •  

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან დამართა და ამით საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ამოწურა. როგორც ორგანიზაცია  „უფლებები საქართველოსთვის“  ხელმძღვანელმა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, საუბარი პოლიტიკურ პროცესებს არ შეხებია და მხოლოდ სასამართლოში არსებულ უსამართლობაზე ისაუბრეს.

“ჩვენი შეხვედრის მთავარი პრიორიტეტი იყო ის საკითხები, ის უსამართლობა, რაც სასამართლო სისტემაშია. სასამართლო ხელისუფლება რომ კარგ მდგომარეობაში არ იმყოფება ეს ნათელია. სახეზეა „კლანი“ და ასევე, გვყავს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები, რომლებსაც 30 წლიანი ვადა გააჩნიათ. არსებული სასამართლო სისტემა არის მახინჯი და მის შესაცვლელად არც არაფერი გაგვიკეთებია, პირიქით, დავაკანონეთ და გავაძლიერეთ.  არსებული რეალობიდან გამომდინარე, ძალიან მწირედ შევეხეთ საარჩევნო დავებს,  თუ როგორ იქცევა სასამართლო“ – განუცხადა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის დამოკიდებულებას, როგორც წიქარიშვილმა გვითხრა, მასაც ჰქონდა გარკვეული შეკითხვები.

„იყო შეკითხვები სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხეთ.  „კარტოგრაფების საქმე“ და ანაკლიის პორტის საკითხიც მოვიყვანეთ არსებული უსამართლობის მაგალითად“ –  განაცხადა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

სახელმწიფო მდივანს არასამთავრობო სექტორის ექვსი წარმომადგენელი შეხვდა.  

მსგავსი თემები