„ეს არის მზადება, მაგრამ ვემზადებით კვირა დღისთვის” – ნიკა მელია

  •  

“როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს სუს-მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიების შტაბებში და ოფისებში ხალხმრავლობაა და ჩათვალა, რომ ეს არჩევნების მეორე ტურისთვის მზადყოფნაა”,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

მელია განმარტავს, თუ რატომაა ოპოზიციის შტაბებში ხალხმრავლობა.

„ეს არის მზადება, მაგრამ ვემზადებით კვირა დღისთვის, რომ კვირას, 15:00 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრნი და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ესაა, რაც ხდება ჩვენს შტაბებში“,- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.

„ჩვენ გვაქვს ადგილობრივი შტაბებიდან შემოსული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას მზადება უკვე დაწყებული აქვს. კახეთიდან, ზუგდიდიდან, თბილისის ოლქებიდან მაქვს ეს ინფორმაცია. აქ აქვთ დაწყებული მუშაობა, აგიტატორების მობილიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები