„გამტაცებელი მორალურად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეს მთავრობა“ – გათავისუფლებული მძევალი

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „საქართველოს ბანკში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა, აცხადებს, რომ ის განცხადებები, რაც მასთან დაკავშირებით გავრცელდა, ამორალური და ამაზრზენია. 

„თავიდან, მძარცველმა საინფორმაციოთი რომ მოისმინა  მერიის თანამშრომელი ვიყავი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მქონდა კავშირი, მკითხა მართლა ვიყავი თუ არა მერიის თანამშრომელი. როცა დავუდასტურე, მითხრა: „მაგარ შარში ხარ ძმაო, ამათ როგორ დაუძვრები არ ვიციო. მაგრად დაგერხაო“ – ამბობს გათავისუფლებული მძევალი.

მან პოლიტიკოსების განცხადებებზეც გააკეთა შეფასება და აღნიშნა, რომ ისინი გამტაცებელზე უარესები არიან.

„უკიდურესად ამორალურია ის შეფასებები. ეს გამტაცებელი მორალურად გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს მთავრობა, რადგან, ერთია როცა ერთი „პოსტს“ დებს და არანორმალურობას წერს, მაგრამ, მეორეა, როცა მთავრობის სახეები აკეთებენ განცხადებებს. ის ადამიანი, ვინც იქ იყო, მძარცველი, მორალურად გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ეს ნაძირლები. ძალიან მდაბიო საქციელს ჩადიოდნენ. ღმერთმა ნუ წარმოადგენინოს ვერავის, როცა მძარცველი ავტომატს მიგაბჯენს…. ამ დროს, შენზე კითხულობ, რომ ტერორისტი „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით ელაპარაკება მედიას“ – აღნიშნა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა მძარცველმა ირაკლი კვარაცხელიას ტელეეთერში ორჯერ დაარეკინა და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერებინა.  

მსგავსი თემები