„ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების ძირგამომთხრელი საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ“ – ასე აფასებს ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე „გირჩის“ საქმიანობას, რომელმაც რელიგიური საქმიანობის შეთავსებით, ათასობით ახალგაზრდას შესაძლებლობა მისცა, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავი აერიდებინათ.
ზვიად ტომარაძემ საქართველოს პარლამენტს კანონპროექტით მიმართა, რომელითაც ის მოქმედ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, რელიგიური მოტივით, ახალგაზრდები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან ვერ გათავისუფლდებიან.
აღნიშნულ თემაზე ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და კანონპროექტიც წარადგინა.
„კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ჩამონათვალიდან სიტყვა „მღვდელთმსახური“ ამოვარდება და შესაბამისად, მას, წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევა არ გადაუვადდება“ – განაცხადა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
როგორც კანონპროექტის ავტორმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების მიზანია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძვლის გაუქმება, მისი არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის გამოსარიცხად.
„2017 წლიდან, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით გაჩნდა პრობლემა. კერძოდ, კანონში არსებული ჩანაწერი, რომელიც მღვდელთმსახურს აძლევდა უფლებას ესარგებლა გადავადებით, ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოყენებულ იქნა არაკეთილსინდისიერად, რაც გამოიხატა ფსევდორელიგიური ორგანიზაციის შექმნაში, მასში მატერიალური სარგებლის მიზნით წვევამდელთა გაწევრიანებაში და სახელწმიფოს თავდაცვისუნარიანობის ხელოვნურად დასუსტებაში“ – განაცხადა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
მისივე ინფორმაციით, კანონიდან აღნიშნული ჩანაწერის ამოღება რელიგიური კონფესიების წინააღმდეგ მიმართული არ იქნება, რადგანაც 27 წლამდე ასაკის სასულიერო პირი ძალიან იშვიათია. ეს სწორედ ოს ასაკია, რომელსაც ჯარში გაწვევა ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ მიერ დაფუძნებული ე.წ. რელიგიური ორგანიზაციის წევრებს შეუძლიათ, ჯარში გაწვევაზე უარი თქვან. ამ თემაზე ნეგატიური განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა და მინისტრად დამტკიცებისას აღნიშნა, რომ ნომერ პირველი პრობლემა, რომელსაც ის აუცილებლად მიხედავდა, სწორედ „გირჩის“ ეს ძირგამომთხრელი საქმიანობა იქნებოდა.