სოფელ ხომულში, სკოლამდელი აღზრდილს დაწესებულება დღემდე არ არსებობდა

  •  

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში, სკოლამდელი აღზრდის პირველი დაწესებულება გახსნეს. ბაგა-ბაღის შენობა გათვლილია 4 სასწავლო სააღმზრდელო ჯგუფზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილია სამზარეულო, საძინებელი, აქტივობების დარბაზი, სველი წერტილები. მომავალში დაგეგმილია საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ახალი ინვენტარის შეძენა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” წყალტუბოს მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტში ეს რიგით 23-ე საბავშვო ბაღია.  ხომულის ბაღს ამჟამად, 12 აღსაზრდელი ჰყავს.

შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძე დაესწრნენ.  

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძემ განაცხადა, სკოლამდელი განათლება ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ მიმართულებით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, აუცილებელია შეიქმნას ყველა პირობა პატარების აღზრდისა და განვითარებისთვის. 

“სოფელ ხომულში ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, გამომდინარე აქედან, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, ეს დადებითად იმოქმედებს როგორც მომავალი თაობების აღზრდის, ასევე სოფელში მიგრაციის პრობლემის მოგვარებაზე”, – განაცხადა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
 

მსგავსი თემები