,,ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ” – ღარიბაშვილი

ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან და მათთვის მოგების გადასახადის არსებული სისტემა შენარჩუნდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 15 პროცენტის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20 პროცენტი იქნება.

“გადავწყვიტეთ და საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, კერძოდ, ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადზე, ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას.

ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში. გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, 2 მლრდ ლარი იქნება ბანკების მოგება წელს.

ამას გარდა, ჩვენი ინიციატივით, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა, ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვარაუდობთ 2024 წლიდან.

მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე ასე არ ხდებოდა. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განვითარებული საბანკო სისტემა გვაქვს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას. ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში.

ასევე, დამატებით სამი წლის ვადით, 2026 წლამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები