დაკავებული მწყემსის ადვოკატები კობაურის ციხიდან გასაყვანად საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივიან

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის – მალხაზ კობაურის ადვოკატები ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატებმა განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს. ისინი პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლის ერთი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას და საგამომომძიებლო ექსპერიმეტისთვის კობაურის ციხიდან გაყვანას ითხოვენ.

როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, 78-ე მუხლი ადვოკატებს თავიანთი მოვალეობის განხორციელებას უზღუდავს.

„იცით, რომ სასამართლომ ხელი შეგვიშალა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში და ჩვენი შუამდგომლობა კობაურის ციხიდან დროებით გამოყვანასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად გვაქვს და მას სასამართლოში ხვალ შევიტანთ. ვითხოვთ, პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის გაუქმებას, რომლითაც ადვოკატებს შეზღუდული გვაქვს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით ბრალდებულის ციხიდან დროებით გამოყვანა“ – აღნიშნა დვოკატმა ვასილ მამულაშვილმა „მთავარში“.

მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი. 19 წლის მწყემსს ბრალად ედება ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა.

მსგავსი თემები