“არ დაიჯერებენ ანზორ ჩუბინიძის ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, უგულავას და ბოკერიას კდემამოსილებას” – მამუკა მდინარაძე

  •  

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებს და აცხადებს, რომ ამას არავინ დაიჯერებს.  

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მათი ლიდერების მხრიდან ძალადობას არავინ დაიჯერებს და ეს ყველაფერი ფაბრიკაციაა.  

„არ დავჯდებით ირაკლი ღარიბაშვილთან, მამუკა მდინარაძესთან, არ დავჯდებით ვთქვათ ირაკლი კობახიძესთან ერთად”… ამას იტყვიან ბუნებრივია, რადგან მათ სჭირდებოდათ საბაბი, ეს საბაბი ჰქონდათ „შავი დღისთვის“ გადანახული. როცა სხვა გზა არ ჰქონდათ, ჩიხში იყვნენ, რომ უნდა დამჯდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია, ეს სიცრუე, დამონტაჟებული, ამოჭრილი სიტყვები, ფრაზები რაღაც ამბავთან დაკავშირებული. საიდანაც ამოჭრეს, ის ჩანაწერებიც კი 2010-2011 წლებშია გაკეთებული“ – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით,  ბოლო „გასროლაც“ ისეთი გამოუვიდათ, შედეგი მაინც ვერ მიიღეს.

„ობიექტური დამკვირვებელი ამაზე არ გაბრაზდება. არ იჯერებს ეს ხალხი „ქართული ოცნების” ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, რაც არ უნდა გვაბრალონ, ანზორ ჩუბინიძე მივიდა და ძალადობა ჩაიდინაო, ანზორ ჩუბინიძეს იცნობს ნახევარი საქართველო და არ დაიჯერებენ ანზორ ჩუბინიძის ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, უგულავას და ბოკერიას კდემამოსილებას  და რა გავაკეთოთ ახლა?! ძალით ხომ არ დავაჯერებთ? არ არის ეს ის მოცემულობა, რომელიც სიმართლესთან არის ახლოს“, – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. ფარულ ჩანაწერებში ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებს.

მსგავსი თემები