„წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა“ – ევროკავშირის განცხადება

  •  

“წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა. ასევე, ვწუხვართ, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად.

წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირი  ელოდება, რომ პოლიტიკური სუბიექტები არსებულ ბარიერებს გადალახავენ და საერთო შეთანხმებამდე მივლენ.

„იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს.

მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით.

პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა.

სრულად ვუჭერთ მხარს თითოეული მოქალაქის მიერ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ ძალადობის შემცველ მუქარას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას – დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება“ – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

განცხადების მიხედვით, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე  პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

„დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები