„ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებულთა რაოდენობა გაზრდილია

  •  

დღევანდელი მონაცემებით, „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს. ამ ეტაპისთვის, 3000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ეჭვი გაცილებით მეტ ადამიანზე არსებობს. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრმა,  მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღიურად აახლებს ინფორმაციას. დღევანდელი მონაცემებით, პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია. სულ 2798 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2741 შემთხვევა ჩინეთში. ესაა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, თუმცა საეჭვო შემთხვევები 5 000-ზე მეტია. აქედან მძიმე მიმდინარეობით არის 641, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 80-მდე“ – განაცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ვირუსმა შეაღწია, ესენია:  ჩინეთის მოსაზღვრე ტერიტორიები –  ვიეტნამი, იაპონია, ნეპალი, სინგაპური. ცოტა მოშორებით მდებარე ქვეყნებიდან, საფრანგეთი, ავსტრალია,  აშშ. საეჭვო შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია, თუმცა „ახალი კორონავირუსი“ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები