სოსო გოგაშვილმა ციხეში განხორციელებულ ძალადობაზე გამომძიებელს ჩვენება მისცა  

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის გამოკითხვა დასრულდა. ბრალდებულ გოგაშვილთან  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები იყვნენ შესულები, რომლებიც მას დაწესებულებაში მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე კითხავდნენ.

„მან დაადასტურა, რომ მესამე ადვოკატი, რომელიც მასთან ერთხელ იმყოფებოდა ციხეში, მას და მის ოჯახს არ დაუქირავებია ხელშეკრულება მასთან თავისი ნებით არ გაუფორმებია. ამ ადვოკატის მონაცემები მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადასცა დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილემ – ბატონმა დავით ხარიტონაშვილმა და უთხრა, რომ ეს გზავნილი მოდიოდა ვახტანგ გომელაურისგან. ეს სწორედ ის ადვოკატი იყო, რომელიც ვახტანგ გომელაურმა უთხრა სოსო გოგაშვილს ერთ-ერთი საუბრის დროს. შემდეგ ეს ინფორმაცია გადავეცით ოჯახს, ოჯახი დაუკავშირდა ჩვენი მეშვეობით ამ ადვოკატს და ასე მოხდა ამ ადვოკატის ჩართულობა. იცით, რომ ეს ადვოკატი იოსებ გოგაშვილთან ერთხელ იყო შესული“ – განაცხადა გოგაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მან ადვოკატისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ის პროკურატურიდან მოდიოდა.

„ის შეეცდებოდა შუამავალი ყოფილიყო პროკურატურასა და იოსებ გოგაშვილს შორის, რათა სამართლებრივად დაელაგებინათ აფგან მუხთარლის საკითხზე ჩვენების დეტალები და ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით თემა. გოგაშვილმა ასევე უჩვენა, რომ აფგან მუთხარლისთან დაკავშირებით პროკურატურის გზავნილი იყო, რომ მას უნდა მიეცა ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით, მისი აღელვების ნიადაგზე გაკეთებული განცხადება იყო, რომ რაიმე კონკრეტულ ფაქტებსა და დეტალებს ის არ ფლობდა“ – აღნიშნა ადვოკატმა ღონღაძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები