N12 დაწესებულების ტერიტორიაზე სპეცრაზმისა და პოლიციის მობილიზება არ ხდება – სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც N12 დაწესებულების ტერიტორიაზე განსაკუთრებული მობილიზებაა და ხდება სპეცრაზმისა და პოლიციის კოლონების შეყვანა.

უწყების განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა.

“გაცნობებთ, რომ კადრები, რომელიც გავრცელდა, არის არა N12 დაწესებულების ტერიტორია, არამედ რუსთავში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზა. 

ინფორმაციისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველ ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები, რომელიც განთავსებული არის სწორედ ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე.  

გავრცელებულ კადრებშიც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალების როტაციის პროცესია ასახული და რაიმე განსაკუთრებული მობილიზება N12 დაწესებულების მიმდებარედ არ ხდება,” – განმარტავენ უწყებაში. 

მსგავსი თემები