ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, რომ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განხილულა და ამ შუამდგომლობას მომდევნო პროცესზე დააყენებს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, შუამდგომლობის განხილვა დროში ვერ მოესწრო და იმედოვნებს, რომ მომავალ პროცესზე მოსამართლე, დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობიდან გაათავისუფლებს.

“დ.ღ. უკანონო პატიმრობაშია, იმედს ვიტოვებ, დარჩენილ პროცესებში სასამართლო შეცვლის აღკვეთს, ეს იქნება გარდაუვალი. ორივე პროკურორს – ზვიად ფხაკაძეს და ინა გუგუშვილს სამართალდამცავებთან მოუწევთ პასუხის გაცემა იმ “ტყუილზე, რაც მათ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადეს”, – აცხადებს სიხუაშვილი.

მისივე თქმით, დაცვის მხარის მიერ გამოკვლეული ჩანაწერით, კიდევ ერთხელ დადასტურდა დ.ღ-ს  უდანაშაულობა. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ის, დ.ღ.-მ დამალა ზაზა სარალიძესთან შეხვედრა, რაშიც მას პროკურატურა სდებს ბრალს.

“ორივე პროკურორს მოუწევს სამართალდამცავებთან პასუხის გაცემა იმ ტყუილზე, რაც მათ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადეს. მათი ჩვენებით ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დამალა სარალიძესთან შეხვედრა. დღევანდელ პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებაში ცალსახად ჩანს და ისმინება, რომ დ.ღ.-მ სასამართლოზე არ უარყო ზაზა სარალიძესთან შეხვედრა. მან სასამართლოზე არაერთხელ თქვა, რომ მას შეხვდა. ამ მტკიცებულებით დასტურდება, რომ ის სარალიძეს მეორე არასრულწლოვანთან ერთად შეხვდა, ისაუბრეს”, – განმარტა სიხუაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. დ.ღ. მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებითა დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. ასევე, სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

 

მსგავსი თემები