ხონის ფსიქიატრული კლინიკის პაციენტი, რომელსაც სავარაუდოდ, სცემეს, გარდაიცვალა

ხონის ფსიქიატრიული კლინიკიდან საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

“ჰოსპიტალ სერვისის” ექიმის ინფორმაციით, 60 წლის ქალბატონი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ფსიქიატრიული კლინიკის მომსახურე პერსონალს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქეთევან ბიგვავას თავშესაფარში სცემეს.

როგორც გარდაცვლილის დამ, ნინო ბიგვავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქეთევან ბიგვავა საავადმყოფოში 17 მარტს გადაიყვანეს და ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მისთვის უცნობია, რა მოხდა ფსიქიატრიულში და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ბიგვავას თქმით, დის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ გაიგო, როდესაც მის სანახავად მივიდა, მანამდე კი ფსიქიატრიულის ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ ქეთევან ბიგვავა დაეცა და მცირე დაზიანება მიიღო.

“ჩემი და არის ნაცემი, მოგლეჯილი აქვს ყური. ამას ასე არ დავტოვებთ“,-აცხადებს ნინო ბიგვავა.

მისი თქმით, გარდაცვლილს დაზიანებები და სილურჯე თვალის, ყელის, ყურის, ხელის და ფეხის მიდამოებში აღენიშნება. ბიგვავა დარწმუნებულია, რომ მისი და სასტიკად ნაცემია.

ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში კი ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ქეთევან ბიგვავას ჰქონდა ელიპეფსიური გულყრები და დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.

მსგავსი თემები