ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას პოლიციის მიერ დაჭრილი პირი გარდაიცვალა

ფოთში, ნონო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას პოლიციელის მიერ დაჭრილი პირი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დაუდგენელი პირი, ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას პოლიციელმა შენიშნა და მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც მან სამართალდამცველს ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. საპასუხოდ პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა.

“მიმდინარე წლის 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები