ფარულმა ჩანაწერმა მმართველი გუნდი დააზარალა, პოლიტიკური პროცესი გაჩერდა – რომან კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გამოქვეყნების გამო, ყველაზე მეტად მმართველი გუნდი დააზარალა, პოლიტიკური პროცესი გაჩერდა და “ქართული ოცნება” არამომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა.

“როდესაც რამდენჯერმე, ერთი და იგივე ფრაზით მიმართავ საზოგადოებას – გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს, ლეგიტიმურია სხვა ძალის სურვილი, – თქვენ თუ ვერ ართმევთ თავს, ჩვენ ჩავატარებთ გამოძიებას. არ ვიცით ამ ჩანაწერების ისტორია, სად ინახებოდა, ვის ჰქონდა ეს მოწყობილობა? ძალიან ბევრი ბურუსით მოცული თემაა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ისეთ დონეზეა, რომ თუ ტექნიკურად მართლა ძნელია ამის მიკვლევადობა, ამის აღიარებაც შეიძლება, რომ გარკვეული ტიპის ეჭვები არ დარჩეს”, – განაცხადა რომან კაკულიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ფარული ვიდეოკადრების გამოქვეყნებამ გაამწვავა დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” და არ გამორიცხავს, რომ ვიდეოს ავტორის მიზანიც სწორედ ეს ყოფილიყო.

“ფარული ჩანაწერების გავრცელება დაემთხვა მმართველ გუნდში პოლიტიკური დაპირისპირების პროცესს. არ მგონია, ვინმე მიიჩნევდეს, რომ გამოძიება არ უნდა ჩატარდეს. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეჭვების საფუძველი არ დარჩეს. ძალიან მცირეა იმ მხარეთა რიცხვი, რომლისკენაც შეიძლება გონივრული ეჭვი წავიდეს. პირადად გამოვრიცხავ ამაში “ქართული ოცნების” გუნდის წევრების მონაწილეობას. არავინ დაზარალდა ამ ფაქტის გამოქვეყნების შედეგად ისე, როგორც თავად პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის თითოეული წევრი. მე გამოვრიცხავ და მინდა მჯეროდეს, რომ ეს გუნდიდან არ მოდის”, – აცხადებს რომან კაკულია და საკუთარ ვერსიაზე საუბრობს.

მისი თქმით, ადვილი შესაძლებელია არსებობდეს მესამე მხარე, რომელზეც ამ ეტაპზე საერთოდ არავინ ფიქრობდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მან “ქართულ ოცნებაში” დაპირისპირება გაამწვავა.

”ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ვინ იყო ამით დაინტერესებული. ამ მიმართულებითაც უნდა წავიდეს მოსაზრებები, მაგრამ ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს და იმედია ძალიან მალე”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები