სიღნაღის ისტორიული გალავნიდან ახალ ნალესობას მოხსნიან – მერია 12 000 ლარით დაჯარიმდა

სიღნაღის ისტორიულ გალავანზე უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია 12 ათასი ლარით დაჯარიმდა. სარესტავრაციო სამუშაოები კომპანია „ინსტალ პლუსმა“ განახორციელა. პროექტი, ისტორიული გალავნის მცირე თაღოვანი ჭიშკრის და მასზე ამავალი კიბის შელესვას ითვალისწინებდა. ამ დროისთვის ისტორიულ გალავანზე სამუშაოები შეჩერებულია. სავარაუდოდ ახალ ნალესობას მოხსნიან და ძეგლს პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სიღნაღის მერიამ სააგენტოსთან შეუთანხმებლად შეადგინა პროექტი, სამშენებლო კომპანიამაც მერიასთან შეუთანხმებლად ჩაატარა გარკვეული სამუშაოები. შესაბამისად მერია დაჯარიმდა, იმავე ოდენობის ჯარიმის გადახდა სამშენებლო კომპანიასაც დაეკისრება.

მათივე ინფორმაციით, ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის N88-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შედგა, რაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევას გულისხმობს.

თავად სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი გალავანზე ჩატარებული სამუშაოებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ გალავანი არ დამახინჯებულა, ის განახლდა და გალამაზდა.

წყარო: რეგინფო

მსგავსი თემები