როდის დაიწყოს საქმე ან არ დაიწყოს, პროკურატურა განსაზღვრავს- მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე

“პროკურატურას რომ ვთხოვო, არ გამისაჯაროვო, ან დღეს არ დამიძახო პროკურატურაში და დღეს არ დაიწყო გამოძიება-მეთქი, პროკურატურასთან მორიგება პროცესის წარმართვაზე არ არის შესაძლებელი”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა „ფორბსის კვირაში“, ჟურნალისტის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურის დასმული კითხვები, ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესთან კავშირში არ არის.

„პროკურატურას აქვს თავისი საქმე და თავისი პასუხისმგებლობა და ჩემ მიმართაც რომ იყოს კითხვა დასმული და მე პროკურატურას ვთხოვო, არ გამისაჯაროვო ან დღეს არ დამიძახო პროკურატურაში და დღეს არ დაიწყო გამოძიება, ხვალ დაიწყე-მეთქი, პროკურატურასთან მორიგება პროცესის წარმართვაზე არ არის შესაძლებელი.

სამწუხაროდ, პროკურატურას არ აქვს არავითარი უფლებაც მათ შორის და მისი პასუხისმგებლობის არეალია განსაზღვროს, თუ როდის დაიწყოს საქმე ან როდის არ დაიწყოს, შეიძლება თუ არა ამ ადამიანის მიმართ რამე კითხვა დასვას.

პროკურატურა ძალიან ხშირად ასაჯაროვებს ინფორმაციას, როდესაც მედიის მხრიდან არის ინტერესი საკითხის მიმართ. მთავარია ის, რომ ეს ორი საკითხი არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. დაფინანსებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ანაკლიის პორტის განვითარებასა და იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ პროექტში 2017 წელსაც და 2018 წელსაც არის, ბანკები არანაირად არ აკავშირებენ ამ ორ თემას ერთმანეთთან, პროცესი მიმდინარეობს და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ობიექტური რეალობა არის სხვა“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები