“მინიმუმ ერთი კვირით აღნიშნული კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად” – ნაძალადევის გამგებელი

გურამიშვილის გამზირზე, სადაც დღეს დილით კორპუსი აფეთქდა, მერიის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შენობის დათვალიერება. ნაძალადევის რაიონის გამგებლის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით აღნიშნული კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად.

ირაკლი ხელაძის თქმით, პირველ ეტაპზე მოსახლეობას სასტუმროებში გადაიყვანენ.

„მოგვიწევს სრულად გამოყვანა ადამიანების. პირველ ეტაპზე, ვინც სურვილს გამოხატავს გადავიყვანთ სასტუმროებში, თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდო ისეთი დასკვნა, რომ შენობა გამოუსადეგარი იყოს საცხოვრებლად, მერე ქირით გავიყვანთ.

ძირითადი პრობლემა აქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს, თუმცა იმდენად დაზიანებულია აფეთქების შედეგად, დასუფთავების ღონისძიებებია ჩასატარებელი და საფუძვლიანი დასკვნის გაკეთება ჯერ შეუძლებელია.

სასაქონლო ზარალის ნაწილში ვრთავთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაითვლის ზარალს და შემდეგ გახდება ცნობილი, ვისი მხრიდან იქნება ზარალი ასანაზღაურებელი. ნივთების გამოტანას მოსახლეობა პერიოდულად ახერხებს“, – განაცხადა ხელაძემ.

მსგავსი თემები