სოფელ ატოცში ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან სამუშაოები განაახლეს. რუსმა სამხედროებმა ადგილზე რკინის დამონტაჟებულ ძელებზე ღობის მონტაჟი დაიწყეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.

უკანონო სადემარკაციო სამუშაოები ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაიწყეს. თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეჩერებული სამუშაოები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს ისევ განაახლეს.

მსგავსი თემები