მერია დათმობაზე წავიდა – მარჯვენა საჭიანებს “ტაქსისტობა” 2021 წლამდე შეეძლებათ

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებს, B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე შეეძლებათ. 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტაქსის მძღოლებმა სპეციალური საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომელთანაც აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. 

“ტაქსის მძღოლებმა გვთხოვეს, რომ გარკვეული პერიოდი B კატეგორიაში გაეგრძელებინათ მუშაობა. გვინდა, რომ აღნიშნული თარიღი 2020 წლის ბოლომდე გავითვალისწინოთ. 2021 წლის პირველი იანვრიდან კი ცვლილება ავტომატურად შევა ძალაში და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსის სერვისის B კატეგორიაში განხორციელება ავტომატურად აიკრძალება. მძღოლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ავტომობილების ჩანაცვლება მოახდინონ და ტაქსის სერვისის განხორციელება 2021 წლის პირველი იანვრიდან მარცხენასაჭიანი ავტომობილებით იმ კატეგორიაში განაგრძონ, რომელზეც თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს, კახა კალაძის განცხადებით, მათთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ყველა სიახლე, ტაქსის მძღოლებთან კომუნიკაციის შედეგად განხორციელდება.

„ჩვენ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომლის მსგავსი ნაბიჯი არცერთ მთავრობას არ გადაუდგამს. ეს  მხოლოდ ტაქსების რეფორმას არ ეხება. სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მსგავსი რეფორმა ქალაქში ჯერ არ განხორციელებულა. მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი,”- აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები