ზაქარია ქუცნაშვილის უარის შემდეგ, პარლამენტში შესვლა ვალერი გელაშვილს უწევს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებაზე უარს აცხადებს. როგორც ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მან მიიღო გადაწყვეტილება, თქვა სიტყვა, რომ პარლამენტს ტოვებდა და ამ სიტყვის გატეხვას არ აპირებს. ზაქარია ქუცნაშვილის უარით კი პარლამენტის წევრობა ყოფილ დეპუტატზე, ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე გადადის.

„მედაიცენტრი მთავარი“ვალერი გელაშვილსაც ესაუბრა. როგორც ბიზნესმენმა გვითხრა, პარლამენტში შევა თუ არა, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა, პოლიტიკაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

„ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, შევალ თუ არა პარლამენტში. ზაქარიას შემდეგ მიწევს შესვლა. შეიძლება შევიდე, შეიძლება არა. საქმეებში ვარ ისე ჩართული, სარგებელი უფრო ამ საქმეებში მაქვს, ვიდრე პარლამენტში შესვლით. ამ ეტაპზე 50-50%-ზე ვარ. ზოგადად, პოლიტიკურ საქმიანობაზე ვფიქრობ და მომავალ არჩევნებშიც ვაპირებ მონაწილეობას როგორც მაჟორიტარი“ – განაცხადა ვალერი გელაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.  

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილის პარლამენტში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შესახებ განცხადება დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა გააკეთა.

ზაქარია ქუცნაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება დღეს გაახმაურა. „ჩემთვის კანონს, უფლებებითა და ინტერესებით აღმჭურველი და მავალდებულებელი ბუნების გარდა, მორალური სახეც აქვს. მორალურობის მთავარი განმაპირობებლი კი სამართლიანობა და ტრადიციაა. არ ცდებიან ის იურისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი მოწვევის პარლამენტში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ აირჩეს, რადგან შერეული საარჩევნო სისტემით ფორმირებული ერთპალატიანი პარლამენტი ამის შესაძლებლობას იძლევა… ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ -ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოგმართავთ თხოვნით, რათა ამომიღოთ საპარლამენტო სიიდან, ფორმალურად კანონიერი, მაგრამ რეალურად უსამართლო შესაძლებლობის წარმოშობამდე” – ვკითხულობთ განცხადებაში.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები