,,გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ავარიდებთ ომში ჩათრევას”- მიხეილ სარჯველაძე

,,გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ავარიდებთ ომში ჩათრევას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან უკრაინაში ქართველი სამხედროების დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ ამ უმძიმეს ტრაგედიებზე ქულები დაწერის მცდელობებს პასუხი უნდა გაეცეს.

,,არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების, ჩვენი თანამოქალაქეების მცდელობებს, რომ ეს ტრაგედიები შეფუთონ ისე, რომ პოლიტიკური ზრახვებისთვის ძალიან ცუდად გამოიყენონ. აშკარად ჩანს, რომ ემოციებით თამაშით ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს ყველაფერი ემსგავსება მეორე ტალღას, ამ ქვეყნის ომის მხარედ ქცევის მცდელობებს, რაც ძალიან მძიმე საყურებელია. უკადრისი რამ არის ეს. გლოვა და სამძიმრის გამოხატვა არ არის ასეთი რამ, რასაც ფორმალიზება სჭირდება. გადმოსვენებაში დახმარება, სამხედრო პატივით დაკრძალვა, თუ ვინ როდის, რამდენჯერ მოვიხსენიებთ გარდაცვლილების სულს ლოცვებში, არ არის ის, რისი გაზომვითაც უნდა ვიყოთ დაკავებული. პასუხი უნდა გაეცეს მცდელობებს, რომ პოლიტიკური ამბავი შეიქმნას ამასთან დაკავშირებით და ვინმემ ქულები დაიწეროს ამ უმძიმეს ტრაგედიებზე.

ზესახელმწიფოების ხელმძღვანელები, რომლებიც იარაღით ეხმარებიან უკრაინას, თავშეკავებულები არიან, როდესაც მოხალისეების უკრაინაში ბრძოლას ეხება საქმე. არ აკეთებენ ამას, ეს არის სწორი და საღი გადაწყვეტილება. გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ავარიდებთ ომში ჩათრევას“,- აღნიშნავს სარჯველაძე.

მსგავსი თემები