დადასტურებულია, რომ „ბასიანის“ დაცვის უფროსი ნარკოტიკებს კლუბში ყიდდა

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ღამის კლუბები ჩხრეკის აუცილებლობა გამოიწვია. კერძოდ, კლუბ „ბასიანის“ 34 ლოკაციიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება. დაკავებულ დაცვის უფროსს, რომელიც ნარკოტიკებს კლუბში ყიდდა, ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, 3 თვის განმავლობაში შსს ინტენსიურად აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს. გამოძიების პროცესში კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არაერთი ფაქტი დადგინდა, მათ შორის“ ბასიანსა“ და „გალერიში“.

“ის, რაც კლუბში გავაკეთეთ, იყო საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკა, რომელსაც ჰქონდა სათანადო საფუძველი. გვქონდა ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომ კლუბებში მიმდინარეობდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია; რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ ეს ადამიანები გარდაცვალებამდე კლუბებში იმყოფებოდნენ; გაზრდილია საავადმყოფოებიდან შემოსული შეტყობინების მაჩვენებელი, რომელთა შორის მაღალია კლუბებიდან შესული შეტყობინებებიც, რაც ადამიანების ნარკოტიკებით ინტოკსიკაციას ეხება; გვქონდა საკონტროლო შესყიდვების ვიდეომასალა, რომელიც, ასევე, სასამართლოს განჩინებით ჩატარდა. შესაბამისი მოქმედებები კლუბებში სწორედ მაშინ დაიგეგმა, როცა იქ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა მიმდინარეობდა“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

ძალოვანი უწყების წარმომადგენლის განმარტებით, კლუბებიდან ჩხრეკის შედეგად საერთოდ არაფერი რომ არ ამოეღოთ, არსებული მტკიცებულებები ჩხრეკის ჩატარების საფუძველს მაინც იძლეოდა, მიუხედავად ამისა, ჩხრეკის შედეგად, კლუბის 34 ლოკაციიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება. დაცვის უფროსს კი პირადი ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.

მეზვრიშვილის შეფასებით, შედეგების თვალსაზრისით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება ადასტურებს, რომ ჩხრეკა იყო გამართლებული.

მსგავსი თემები