ბრძოლამ შედეგი გამოიღო, ძველი გვარდია ისევ ბრძოლისუნარიანია – მირიან წიკლაური ​

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური მმართველ გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარტია ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად საჭიროებს გადახალისებას, თუმცა, ეს არ ნიშნავს ძველი სახეების ჩრდილში მოქცევას. 

როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძველებთან ერთად ახალი სახეებიც უნდა ჩნდებოდეს, თუმცა, ისინი უნდა იყვნენ ისეთები, რომლებიც პარტიის ინტერესებს შეესაბამება და მიზნების განხორციელებაში წაადგება. 

“როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, მოუწოდა პირველ რიგში ძველ გვარდიას, ანუ იმ ძველ სახეებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით მოიტანეს დღევანდელი დღე. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროს მძიმე იყო ბრძოლა, მე ვიტყოდი სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა თითოეული მათგანის სიცოცხლეც კი. თავისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტია, თუმცა მათ გადალახეს ეს შიში და იბრძოლეს კარგად. მათმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ის, რომ ისინი ისევ ბრძოლისუნარიანები არიან ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმაც გვიჩვენა, როდესაც ძველი გვარდია აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში, შედეგიც შესაბამისი დადგა”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მთავარში”. 

რაც შეეხება, სამთავრობო დონეზე საკადრო ცვლილებებს, მირიან წიკლაურის აზრით, პრემიერ-მინისტრის შეცვლა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, მთავრობა ახალი დამტკიცებული.

“ჯერ შეიძლება ვაცადოთ მათ, რას გააკეთებენ, იქნება თუ არა წარმატებული მათი მუშაობა და მხოლოდ ამის შედეგ შეიძლება დაისვას სამთავრობო ცვლილებების საკითხი. ამ ეტაპზე ჯერჯერობით მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ”, – აცხადებს დეპუტატი. 

მსგავსი თემები