არ შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, ადამიანების გატაცებას და მცოცავ ხაზებს – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ზემოქმედების, ომის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზიდან. არ შეეგუება ტერიტორიების ოკუპაციას, ქვეყნის მოქალაქეების გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რაც მისივე თქმით, ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია.  

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოში ჩატარებულმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა რეფორმებმა მაღალი შეფასება მიიღო. ამის პირდაპირი ნიშანია 2019 წელს დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები, ნატოს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა და მასშტაბური წვრთნების ჩატარება; შავი ზღვის უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების მიმართ გაზრდილი ინტერესი და თანამშრომლობის გაღრმავება.

​როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში პირველი მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არც რაიმე აგრესიულ მიზნებს ისახავს.

​მისივე შეფასებით, სუვერენული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამყარებისთვის მოკავშირეები თავისუფლად აირჩიოს. ეს არჩევანი ვერ იქნება გამოყენებული მუქარის საფუძვლად და შედეგად დაშინებასა და გეზის შეცვლას, ვერ გამოიღებს.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, რუსულ-ქართულ მოლაპარაკებების  აბაშიძე -კარასინის ფორმატზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს, მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. საჭიროა მაღალი, პოლიტიკური ფორმატების განახლება.

“ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე. მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენას ნიშნავს”, – განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები