„ათი წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ“ – საგარეო უწყება

“რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები და შექმნა სახიფათო პრეცენდენტი დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგზე იერიშის მიტანის თვალსაზრისით. რუსეთის ქმედებები 2008 წელს ნაკარნახევი იყო ევროპაში საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძირის გამოთხრის ამბიციით”, – ვკითხულობთ საგარეო სამეთა სამინისტროს განცხადებაში,რომელიც უწყებამ აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

უწყების შეფასებით,  რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას.

„2018 წლის 7 აგვისტოს 10 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და შედეგად საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ…

ათი წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა, წარმოადგენს უპრეცენდენტო ხასიათის მცდელობას რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო.

„საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრება, მუდმივი გატაცებები და უკანონო დაკავებები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან ახდენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციას. ამ უკანონო პროცესების შედეგად, არაერთი ოჯახი გაიყო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა წვდომა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რელიგიური მნიშვნელობის ადგილებსა და სასაფლაოებზე. სამი დევნილი პირის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტები ნათლად წარმოაჩენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებულ დაუსჯელობის სინდრომს და ეთნიკურ ნიადაგზე წახალისებულ ძალადობას “- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

 

მსგავსი თემები