“მოვუწოდებ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება იმ პირთა გამოსავლენად, რომლებიც აჭარის რეგიონში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურთა დავალებებს ასრულებენ”- ირმა ინაშვილი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში აჭარის საგანმანათლებლო სფეროში არსებულ პრობლემებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, აჭარაში, ულიცენზიო რელიგიური პანსიონატები და ე.წ. ყურანცენტრები მასობრივად იხსნება და უცხო ქვეყნებიდან შემოსული „შავი ფულით“ ფინანსდება, რასაც სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები ვერ აკონტროლებენ, თუმცა ფაქტის შესახებ, მათთან არაერთხელ უსაუბრია:

“ყველამ, პირველ რიგში, მთავრობამ, პარლამენტმაც, ქვეყნის სპეცსამსახურებმა გადასარევად და დეტალებში იციან, რომ აჭარაში ბოლო წლების მანძილზე, მასობრივად იხსნება ულიცენზიო რელიგიური პანსიონები და ე.წ. ყურანცენტრები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა განათლების სამინისტროს სპეციალური ნებართვის გარეშეა გახსნილი, ანუ არ ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფოს, მის კანონმდებლობას. ამ სასწავლებლებში სწავლების პროცესს საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები ვერ და არ აკონტროლებენ.

ყველამ იცის ისიც, რომ ეს ულიცენზიო რელიგიური პანსიონები და ე.წ. ყურანცენტრები არა საქართველოს ბიუჯეტიდან, არამედ უცხო ქვეყნის (თურქეთის და არაბული ქვეყნების) შავი ფულით ფინანსდება.

ყველამ იცის, ასევე, რომ კონკრეტულ ჯგუფებს, აჭარის რეგიონიდან ახალგაზრდობა მასობრივად მიჰყავს სტამბოლისა და ანკარას (მაინც და მაინც) რელიგიურ სასწავლებლებში და არა უნივერსიტეტებში, საიდანაც ფიზიკოსები, მათემატიკოსები ან ქიმიკოსები დაგვიბრუნდებიან”, – წერს ინაშვილი.

მისივე თქმით, აჭარის მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი ინტერნატების დიდი ნაწილი, სადაც ბავშვები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის შესაბამისად იღებდნენ ცოდნას, დაიხურა, რითაც ქართველი მუსლიმანების შვილებს, ფაქტობრივად, ვწირავთ, რაც ანტისახემწიფოებრივი გადაწყვეტილებაა.

“ყველამ იცის, რომ აჭარის მაღალმთიან რაიონებში თავის დროზე მოქმედებდა ინტერნატები, სადაც ქართველი ბავშვები საქართველოს განათლების სისტემის ფარგლებში იძენდნენ ცოდნას, მაგრამ ამ ინტერნატების დიდი ნაწილი დაიხურა, რაც, ჩემი აზრით, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო აჭარაში მასობრივად ხსნიდეს საქართველოს განათლების სამინისტოს კონტროლის ქვეშ მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სრულიად უპასუხისმგებლო, უდიერი, მოღალატეობრივი პროცესის მოწმენი ვართ.

გულო კაიკაციშვილი, რეჯებ ნიჟარაძე, მემედ აბაშიძე და აჭარის სხვა დიდი მამულიშვილები დღეს რომ ცოცხალნი იყვნენ, ამ სამარცხვინო ღალატის ხილვით გული გაუსკდებოდათ.

იმის მაგივრად, რომ ჩვენი, ქართველი მუსლიმანების ოჯახების შვილებს სრულფასოვანი, ეროვნული განათლების მიღების საშუალებას საქართველოში ვაძლევდეთ: ბათუმში, თბილისსა თუ ქუთაისში, ამ თაობას პრაქტიკულად ვწირავთ! იგივე ისლამის საფუძვლიანი შესწავლისათვის, ვისაც ამისი სურვილი აქვს, სახელმწიფოს ინიციატივით სპეციალური კათედრების გახსნა შეიძლება, მაგრამ უძაღლო ქვეყანაშიო, ნათქვამია…

ახლა იმაზე დავფიქრდეთ, რა საფრთხის შემცველია ტენდენცია, რომელიც უკვე სახეზე გვაქვს. ისიც ვთქვათ, სახელმწიფო როგორ მოქმედებს? ხურავს ინტერნატებს, არ აკონტროლებს ულიცენზიო სასწავლებლებს, რომლებიც თურქეთის მიერაა გახსნილი და დაფინანსებული, იბრმავებს თვალს და იყუებს ყურს,” – წერს ირმა ინაშვილი.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, აღნიშნულის შესახებ, საჯაროდ მიმართავს ქვეყნის პრემიერს, პარლამენტს, განათლების მინისტრს და მოუწოდებს პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება იმ პირთა გამოსავლენად, რომლებიც აჭარის რეგიონში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურთა კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ:

“ამ თემაზე რამდენჯემე ვისაუბრე პარლამენტში, საჯაროდ მივმართე, როგორც პრემიერს, ისე განათლების მინისტრს, ძველებსაც და ახლებსაც, მაგრამ რეაგირება არის მინუს ერთი.

ახლა მორიგი მიმართვა მინდა გავავრცელო პრემიერისა და განათლების მინისტრის, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარისადმი: სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალური სამთავრობო და საპარლამენტო კომისია (აჭარის ვიცესპიკერის, განათლების კომიტეტის წევრთა მონაწილეობით), რომელიც უმოკლეს დროში შეისწავლის აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში შექმნილ ვითარებას, აღრიცხავს ულიცენზიოდ გახნილ რელიგიურ და სხვა პანსიონებს, ე.წ. ყურანცენტრებს, გამოიკვლევს მათი დაფინანსების წყაროებს, მოამზადებს აჭარის რეგიონში ინტერნატების აღდგენის სპეცპროექტს, დადებს დასკვნას, რა ვითარებაა აჭარის რეგიონში და ამ დასკვნის შესაბამისად, მთავრობა და პარლამენტი დაიწყებს მოქმედებას.

ასევე, მოვუწოდებ პროკურატურას, პარალელურ რეჟიმში დაიწყოს გამოძიება,- იმ პირთა გამოსავლენად, რომლებიც აჭარის რეგიონში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურთა კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ.

შესაბამის სპეცსამსახურებს, წესით, დიდხანია უნდა ჰქონდეთ მასალა ამ პირების შესახებ, იგივე ტარიელ ნაკაიძეს ვგულისხმობ. ჯერ ამით დავიწყოთ”. – აქვეყნებს ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მსგავსი თემები

One Thought to ““მოვუწოდებ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება იმ პირთა გამოსავლენად, რომლებიც აჭარის რეგიონში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურთა დავალებებს ასრულებენ”- ირმა ინაშვილი”

  1. მურმან გოგიტიდზე

    სრულიად ვეთანხმებით ქ-ნ ირმას უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება შესაბამისი სამსახურების მეშვეობით დაინტერესდეს უნდა იმ არაკაცებით ,რომლებიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ აჭარაში ისლამის გავრცელების საქმეში ყველამ უნდა იცოდეს რომ აჭარა ძირძველი ქართული მიწაა და საქართველოში ქრისტიანობის აკვანია ,არავის მივცემთ უფლებას ჩაერიოს ჩვენი სამშობლოს შიდა საქმეებში , ერთადერთი პოლიტიკური ძალა( უფრო სწორი იქნება)ნაღდი ქართული ძალაარის პატრიოტთა კრებული (სიტყვა ალიანსი არ მომწონს)რომელიც ებრძვის ამ მდგომარეობას აჭარაში სხვა ძალებს და მ.შ. ხელისუფლებას ყურები დახშობილი აქვს…….