“დავიწყოთ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად” – ნათელაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, დაიწყონ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად.

ნათელაშვილის თქმით, პოლიტიკური აქციები უნდა გაიმართოს პოლიტიკოსების ძალის ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით, და არა ბანკირებისა და შოუმენების მიერ.

„მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, დავიწყოთ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად, პოლიტიკურ აქციებზე და არა თოქ-შოუებზე. არ შეიძლება პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადააბარო ბანკირებსა და შოუმენებს. პოლიტიკური აქციები უნდა გაიმართოს პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით.

მითითება, რომ აქციებზე პოლიტიკოსები არ უნდა გამოჩნდნენ, პირდაპირ ივანიშვილის იმედებში ჯდება. ეს არის ივანიშვილის, პუტინისა და უშიშროების შეკვეთა, რომ ქართული სისტემა გაწმინდოს პოლიტიკური ძალებისგან და პრაქტიკულად, გადავიდეს ქუჩის პროცესები ისეთი ძალების კონტროლის ქვეშ, რომლებიც შეიძლება გულწრფელებიც კი არიან, მაგრამ არ იციან მიზანთან მისავალი გზები და არ წარმოადგენენ პოლიტიკურ ძალებს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ივანიშვილი აშშ-ს მთავრობას მოუწოდებს, “სასწრაფოდ დააპატიმროს ივანიშვილის კრიმინალური მილიარდები”.

„ციხეები გადავსებულია პოლიტიკური პატიმრებით, ამასობაში, ეროვნული ვალუტა ჩამოიშალა, ჩამოიშალა საფინანსო სისტემა და ეკონომიკა, გრძელდება საზოგადოების დაპირისპირება და ქართული ტერიტორიების ყველა მხრივ დაუსჯელად გაცემა. ამის იქით უკვე არაფერი აღარ არის.

ვთხოვ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, სასწრაფოდ დააპატიმროს ივანიშვილის კრიმინალური მილიარდები, რომელიც გატანილია ჩვენგან წართმეული რესურსებიდან დასავლეთის ბანკებში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები