ავტოსატრანსპორტო შემთხვევებს 459 ადამიანი შეეწირა – შსს სარისკო მძღოლების გამოვლენას გეგმავს

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევებისას 459 ადამიანი დაიღუპა. ბოლო 10 წელიწადში კი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის და სოციალური კამპანია ,,მეტი სიცოცხლისთვის“ წარდგენისას განაცხადა, 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. ასევე, შემცირდა სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელიც.

“არსებულ გამოწვევასთან საბრძოლველად, 2018 წელს, შსს-მ ეროვნული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის სრული განახლება დაიწყო. დღეს 2600-ზე მეტი კამერა მუშაობს, რომელიც საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტებს აფიქსირებს. სამინისტრომ დაიწყო ავტოსაგზაო შემთხვევების აღრიცხვიანობის სრული მოდერნიზაცია და განახორციელა საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის კრიმინალიზაცია”- აღნიშნა პრეზენტაციაზე შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინოვაციურ, ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებსაც ნერგავს. ახალი სისტემა პატრულს შესაძლებლობას მისცემს, რისკის კატეგორიაში მყოფი მძღოლები გამოავლინოს.

„სისტემა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები ადგილზე გამოავლინოს და პრევენციული ხასიათის მატარებელი საპოლიციო ქმედების ფარგლებში გადაამოწმოს“ – აღნიშნეს უწყების პრეზენტაციაზე, რომელიც საგზაო უსაფრთხოების ანალიზს ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია ,,მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა.

მსგავსი თემები