„ყველანაირი პრობლემა დევს მართვაში, ეს მარტო ჭიდაობას არ ეხება, ყველგან ჩანს“ – რომან რურუა

“სპორტულ ოჯახში“ მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბარს თავს ვარიდებ. სად არის პრობლემა? ძალიან უბრალო და კარგი კითხვაა და გიპასუხებთ ორი სიტყვით – ყველანაირი პრობლემა დევს მართვაში და ეს მარტო ჭიდაობას კი არ ეკუთვნის, ეკუთვნის ყველა სფეროს და ეს ჩანს“ – ასე გამოეხმაურა ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს ვეტერანი სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი რომან რურუა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ვეტერანმა სპორტსმენმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ფიზიკური სპორტი მოშლილია და დიდი სპორტი კი სულს ღაფავს.

„დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის სპორტი. სპორტს ორი მიმართულება აქვს – ფიზიკურ აღზრდა და დიდი სპორტი – დროშა, ჰიმნი და ა.შ. ფიზიკური სპორტი მოშლილია, დიდი სპორტი სულს ღაფავს. საკმარისი ხანია ამ ქვეყანაში ვარ და მახსოვს სპორტის წარმატება. დღესაც ლაპარაკობენ რომ სპორტი წარმატებულია. არ ვეთანხმები ამ გამოთქმას. ფიზიკური აღზრდა ხომ ძალიან დაბალია და ამ ფიზიკურ აღზრდაში შედის სულიერი აღზრდა. რაც დღეს „სპორტულ ოჯახში“ ხდება, ეს სულიერია. სულიერში ადამიანი სუსტია, ფიზიკურში კი არაუშავს. სულიერ სისუსტეს ერევიან ფიზიკურად. ეს არის უხეშობა და მიუღებელია საზოგადოებისათვის“.

კითხვაზე, მოჭიდავესთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო საზოგადოება შეშფოთებულია, როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხი, რურუა პასუხობს: „რატო ხართ შეშფოთებულები? რამ შეგაშფოთად? რაც ჩავიდინეთ, რაც მოვიმოქმედეთ ის შედეგი მივიღეთ. ჩვენი ბრალია. დემოკრატია დემოკრატიას იძახიან და ვერავინ გაიგო ეს დემოკრატია რა არის და აირია ყველაფერი ერთმანეთში. უმცროსი და უფროსი არ იციან ამ ქვეყანაში. ზრდილობა არ არის ქვეყანაში“.

მსგავსი თემები