პრეზიდენტის პრესსპიკერი თანამდებობიდან ფეისბუქპოსტის გამო გაათავისუფლეს

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერობიდან გათავისუფლების მიზეზი ფეისბუქპოსტი გახდა. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მოისწრაფიშვილი 2019 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერად გააფრთხილეს პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

განცხადების თანახმად, მოისწრაფიშვილის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობას ეწინააღმდეგება.

„მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება.

ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამასთან, როგორც მოისწრაფიშვილი ამბობს, პრესსპიკერის პოსტის დატოვება არ უკავშირდება ნოდარ მელაძის განცხადებას. “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოისწრაფიშვილს პოსტის დატოვება “რუსთავი 2”-დან გათავისუფლებული ჟურნალისტებისადმი სოლიდარული ფეისბუკპოსტის გამო აიძულეს.

გუშინ კი, ხატია მოისწრაფიშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ ის თანამდებობიდან სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლა. 

“მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის, რომ გამათავისუფლეს, არასწორია“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მსგავსი თემები