კახა კალაძე სამშენებლო კომპანიებს სთხოვს, თბილისი სწორად განვითარებისთვის მერიასთან ითანამშრომლონ 

დედაქალაქის მერმა მშენებლებსა და დეველოპერებს მიმართა, მშენებლობებთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურების მოთხოვნები გაითვალისწინონ.

„ვხედავთ, რა მდგომარეობამდე მივიდა ქალაქი არასწორი მშენებლობების გამო. შესაბამისად, ის მოთხოვნები, რომელიც არქიტექტურისა და ურბანულ სამსახურებს აქვთ, დეველოპერებისა და მშენებლების მიერ დაკმაყოფილებული უნდა იყოს. წლების განმავლობაში ნებართვები როგორც გაიცემოდა, ჩვენ იმავე ფორმით ვერ ვიმუშავებთ. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული. ამასთან, არსებულ საკითხებს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ, რომ დეველოპერებს პრობლემა არ შეექმნათ, თუმცა, მათი მხრიდანაც მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა, რათა ქალაქის სწორი განვითარება ერთად შევძლოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, დედაქალაქის მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებას გეგმავს. თბილისის მერმა ამ მიმართულებით, კონკრეტული გეგმის წარმოდგენა მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა.

„მქონდა საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან და არის სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენი მხრიდან იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ, მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში გეგმა წარმოადგინოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები