“ეს მხოლოდ დასაწყისია!” – “ტვ პირველმა” მუქარის წერილი მიიღო

“ტვ პირველმა” ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილი მიიღო. წერილის ავტორი ან ავტორები ამტკიცებენ, რომ რამდენიმე დღის წინ, სწორედ მათ გატეხეს სამთავრობო და მედია გვერდები, სადაც მიხეილ სააკაშვილის ფოტო განათავსეს.

როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან სამართალდამცავები.

“მე წინასწარ გითხარით გრანდიოზული თავდასხმის შესახებ. თქვენ არ დაგვიჯერეთ და უგულველყავით ჩვენი გაფრთხილება. პასუხი კითხვაზე რატომ ვაკეთებთ ამას? ეს კარგად უნდა იცოდეთ თქვენც, აჩვენეთ ხალხს ის, რაც ჩვენ გვაქვს მოპოვებული თქვენი სერვერებიდან, ის, რისი გამხელაც არ გინდოდათ. ჩვენ ვიცით თქვენი ბნელი მხარე. ჩენ შეგვიძლია ჩაგახედოთ შავ სარკეში. თქვენც მშვენივრად იცით, რაოდენ ღირებულ ინფორმაციას ვფლობთ და რა შეუძლია ამ ინფორმაციის გაჟონვას. თუ ეს წერილი ისევ უგულველყოფილი იქნება, ეს აუცილებლად მოხდება და ისევ ისეთი გრანდიოზული ეფექტით, როგორც ეს თავდასხმა იყო.

პირდაპირ გეტყვით, ჩვენ არ ვართ რომელიმე პარტია. ჩვენ არ გვაინტერესებს სააკაშვილი და ივანიშვილი. ეს იყო უბრალოდ სააკაშვილის დაცინვის ჟესტი (I’LL BE BACK). თუ ჩვენ მიერ გამოგზავნილ ანგარიშის ნომერზე არ აისახება 3 დღეში 500  Bitcoin-ი, ჩვენ დავიწყებთ ყველა იმ ინფორმაციის გასაჯაროებას, რომელსაც ესე გულმოდგინედ უფრთხილდებოდით. ეს მხოლოდ დასაწყისია!”, – ნათქვამია ტელეკომპანიისთვის გაგზავნილ წერილში.

მსგავსი თემები