“არ მგონია, სასიკეთოდ წაგადგეთ პასუხის არ გაცემა” – მდინარაძე მოსამართლეობის კანდიდატს

“რატომ გადაწყვიტეთ, რომ საკომიტეტო მოსმენის დროს, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო დეპუტატის კითხვა, პასუხი არ გაგეცათ?” –  ასე მიმართა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, რომელმაც დეპუტატი ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს პასუხი არ გასცა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატს, დეპუტატების უპასუხოდ დატოვება, არ წაადგება.

“თქვენ რამდენიმე დეპუტატის შეკითხვას არ გაეცით პრინციპულად პასუხი. არ მგონია, რომ ეს თქვენ სასიკეთოდ წაგადგეთ. პროცესი, რომელიც მიდის კარგია. ამ პროცესში, მოსამართლეობის კანდიდატის მხრიდან, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს დეპუტატი, არაა სწორი პასუხის არ გაცემა” – მიმართა მამუკა მდინარაძემ პაატა სილაგაძეს.

პაატა სილაგაძის განცხადებით, დეპუტატებს პასუხი, მათი სუბიექტურობის გამო არ გასცა. მოსამართლეობის კანდიდატის განმარტებით, მისი ყველა პასუხი არასწორედ იქნებოდა აღქმული.

​”მათი დამოკიდებულება ჩემთან მიმართებაში არაობიექტურია. შესაბამისად, ყველა კითხვა ჩემს მიმართ, იქნება სუბიექტური. არ მინდა, რომ ჩვენს შორის პაექრობა, გადაიქცეს შურისძიებად. სუბიექტურად განწყობილი ადამიანი, რომელიც არ მალავს დამოკიდებულებას, მიმაჩნია, რომ ჩემი პასუხი არ იქნება სწორედ აღქმული,” – უპასუხა პაატა სილაგაძემ

მსგავსი თემები