ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

“მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას – რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე პროკურატურის მიერ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.

„როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შესაძლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გამოძიება დღეს დაიწყო.

“საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას”,- აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლაში, ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე, გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად, სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიების დაწყებას ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ითხოვდა.

მსგავსი თემები