,,ეტყობა, ეს ადამიანი სხვა ქვეყანაზე საუბრობს, საერთოდ აცდენილია რეალობას”- კალაძე კალიურანდზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები რეალობას არ ასახავს. მისი თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მტრები ყავს.

„გულწრფელად ვიტყვი: ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია, ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას ყავს მტრები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მოწინავეა.

„ჯერ რას ნიშნავს ზედაპირული შესრულება? ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება ივნისისთვის, პროცესი მიმდინარეობს. ნებისმიერი პარამეტრი ავიღოთ. უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის, ამ ქვეყანაში რაც ხდება და რამხელა უბედურება ტრიალებს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი გამოდის და საუბრობს, რომ საქართველო ჩამორჩება მოლდოვას, ის არის, რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსი. ავიღოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი პარამეტრი და გავაკეთოთ შედარებები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით – ნახავთ, თუ როგორ წინ არის ჩვენი ქვეყანა ყველანაირი თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ის არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სტატუსი არ მოგვანიჭეს, ესეც, ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყო გაკეთებული – უნდოდათ, რომ ეს პოლიტიკურად ქვეყნის შიგნით
გამოეყენებინათ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ მინდა, დავარწმუნო ეს ადამიანები და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მათ არაფერი გამოუვათ იმ თვალსაზრისით, რომ მოახდინონ დაპირისპირება, რევოლუციები. არ გამოუვათ. საქართველოში დღევანდელ ხელისუფლებას ყავს ძალიან დიდი მხარდამჭერი – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის და მისი თითოეული მოქალაქის
ინტერესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

,,საქართველო დღეს ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ბევრ საკვანძო საკითხში”- მარინა კალიურანდი

მსგავსი თემები