მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერი მისი ბორბალზე წამების დღეა. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწის მოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად მიიჩნევს.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა, რის გამოც ის ბორბალზე გააკრეს.

წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლისა ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც უძლეველი ზეციური მხედარი.

წმინდა გიორგი ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.

მსგავსი თემები