„სხვა გზა არ არსებობს, გარდა საერთო ენის პოვნისა“ – სი ძინპინი აშშ-ში

„ერთობლივი განვითარება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თანამშრომლობის ზოგადი მიზანია. განვითარება იყო და რჩება რეგიონის მრავალწლიან მიმართულებად. ჩვენ მუდმივად ვაღრმავებთ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას,  ვზრდით საკუთარ პოტენციალს განვითარებად ეკონომიკაში“ – ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, სი ძინპინის სიტყვებია, რომელიც მან სან ფრანცისკოში, აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე (APEC) წარმოთქვა.

პრეზიდენტმა აქცენტი თანამშრომლობის გაღრმავებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მშვიდობა და გავითარება ყველას საერთო მიზანია.

„სიამოვნებით მივიღე მოწვევა APEC-ის ბიზნეს სამიტზე. მრავალი წლის წინ ვიყავი აქ, სან-ფრანცისკოში და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გახსნილობამ და ინკლუზიურობამ, რომელიც სუფევს ამ შესანიშნავ ქალაქში. გლობალური, ისტორიული და ეპოქალური კითხვის პასუხად „სად მიდის კაცობრიობა“, რომელიც აქტუალური გახდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, 30 წლის წინ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკის ლიდერებმა, მშვიდობისა და განვითარების შესახებ, მოიწვიეს პირველი არაფორმალური APEC შეხვედრა. ამით უარი ითქვა მოძველებულ, ბლოკურ აზროვნებაზე და რეგიონული, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინტეგრაციის გაღრმავების ვალდებულება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის „დიდი ოჯახის“ ჩამოყალიბების ინტერესები გახდა.

ამ მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებამ მიიყვანა რეგიონის განვითარება და ეკონომიკური გლობალიზაცია მაღალსიჩქარიან ტრაექტორიაზე, ხელი შეუწყო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ტრანსფორმაციას გლობალური ეკონომიკური ზრდის ცენტრად, გლობალური განვითარების სტაბილიზატორად და თანამშრომლობის მოთხოვნად პლატფორმად“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სი ძინპინმა  აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ბიზნეს ლიდერთა შეხვედრაზე.

მისი სიტყვებით, ღიაობა და თანამშრომლობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მთავარი ლეიტმოტივია.

„ჩვენი რეგიონი ვითარდება ღიაობის, ინკლუზიურობის, ურთიერთთანამშრომლობის სულისკვეთებით და არა ოპოზიციით, დაპირისპირებით, „მეზობლის მათხოვრობით“ ან შეზღუდვების შემოღებით. ჩვენ მზად ვართ ღია რეგიონალიზმისკენ… ბოლო 30 წლის განმავლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საშუალო ტარიფის განაკვეთი 17%-დან 5%-მდე შემცირდა და ჩვენი რეგიონი გლობალური ეკონომიკური ზრდის 70%-ს შეადგენს. ერთობლივი განვითარება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თანამშრომლობის ზოგადი მიზანია“ –   აღნიშა მან.

სი ძინპინმა სიღარიბის დაძლევაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 4-ჯერ გაიზარდა.

„მილიარდი ადამიანი მოიხსნა სიღარიბიდან, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეასრულა კაცობრიობის პროგრესსა და მდგრად განვითარებაში მთელი მსოფლიოში. სხვა გზა არ არსებობს, გარდა საერთო ენის პოვნისა… ჩვენი ხალხი ამბობს: „სიცოცხლისუნარიანობა ძირშია და სწორი მითითებები წარმატებამდე მიგვიყვანს“.  ჩვენ უნდა დავრჩეთ APEC-ის თავდაპირველი მიზნებისა და ისტორიული მისიის ერთგული და გავხსნათ ჩვენი თანამშრომლობის ახალი თავი“ – აღნიშნა სი ძინპინმა სიტყვით გამოსვლისას.

მან გაეროს წესდებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სან-ფრანცისკო მოწმობს ხალხთა მშვიდობისკენ მისწრაფებას, ვინაიდან სწორედ აქ მოეწერა ხელი გაეროს წესდებას.

„მშვიდობა და განვითარება ადვილი არ იქნება, აუცილებელია ძალების გაერთიანება გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დასაცავად…ჩვენი რეგიონი არ უნდა გადაიქცეს და არ შეიძლება იქცეს გეოპოლიტიკური თამაშის ასპარეზად, მით უმეტეს „ახალი ცივი ომის“ ან ბლოკის დაწყების ადგილა“ – აღნიშნა პრეზდენტმა.

შეგახსენებთ, რომ სი ძინპინი აშშ-ში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევით იმყოფება.

 

მსგავსი თემები